მგზავრის წერილები

ეპოქისა და ნაწარმოების დაკავშირება

“მგზავრის წერილები” ერთი კონკრეტული ნაწარმოები კი არ არის, არამედ ეროვნულ-განმანთავისუფლებელი პროგრამა, ერთგვარი სამოქმედო გეგმა, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა XIX  საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზრის მიმართულება.  ნაწარმოების გმირები  ნათლად აჩენენ სხვადასხვა პრობლემის არსსა და გადაჭრის გზას. თუკი რუსი “იამშჩიკის” სახით ილიამ ჩამორჩენილი რუსეთის სახე აჩვენა, ფრანსიელი  განვითარებული და მოწესრიგებული ევროპის სიმბოლურ სახედ გვევლინება. “მებრალებით, რომ თქვენ იძულებული ხართ მაგას გაალაყებინოთ ტვინი და გაადღვებინოთ გულმუცელი” – ამბობს ფრანგი და თან სიცილით შეჰყურებს “პოვოსკასა” და მთელ რუსეთს. თუმცა განუვითარებელი რუსეთი საქართველოს არ თმობდა და არც წინ წასვლის საშუალებას აძლევდა. რუს ხალხს ქართველები გაუნათლებელი და მდაბიონი წარმოედგინათ  და თავი  მათ გადამრჩენელად დაესახათ. “ბარაქალა მართმადიდებელ რუსეთს! სახელი და დიდება! საცა ფეხს შესდგამს, დაამყარებს ხოლმე ცივილიზაციას”- ამბობს რუსი ოფიცერი და თავისი ჭკუითა და გონებით ტრაბახობს ქართველთან, რომელიც სინამდვილეში მასზე გონიერიც იყო, ჭკვიანიც და განათლებულიც.

ავტორი საზოგადოებაზეც საუბრობს. იგი “ჭკვიანურ საბუთად” მიიჩნევს ხალხის დამოკიდებულებას თერგდალეულებისადმი. ამიტომ ირონიით აღნიშნავს, რომ მას თერგისთვის არც კი შეუხედავს. ავტორი საუბრობს იმ ოთხ წელიწადზე, რომელიც მან რუსეთში გაატარა და ამავე დროს, ამხელს იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სამშობლო რუსეთის ჩინებზე გაცვალეს და განათლება მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის გამოიყენეს. საზოგადოება შეცვლილიყო, “ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენ ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს, მით იყვის უკედ. ადრიდა ერი ერობდის, გული გულობდის, ვაჟაი ვაჟაბდის, ქალაი ქალაბდის. ადრიდა?! ერთურთს დავეყუდნით, ერთურთს ვიხვეწებდნით”. იმ დროისთვის კი საკუთარი ბედნიერების და კარგად ყოფნის გამო სხვაზე აღარავინ ზრუნავდა, გული არც ერთმანეთის და არც სამშობლოს დასახმარებლად აღარ მიუწევდათ. მრუშობამ და ღალატმა მოიცვა მთელი ერი. სწორედ ამ საკითხზე საუბრობს ერთ-ერთი პერსონაჟი ლელთ ღუნია.

სამხედრო გზამოხევე გულისტკივილით  იხსენებს ძველ დროს, როდესაც ადამიანები ქვრივ-ობლებს, გაჭირვებულებსა და დაცემულებს ეხმარებოდნენ. მაშინ მტრის წინააღმდეგ ერთად იბრძოდნენ და ხმლით იგერიებდნენ მას. თუმცა მშვიდობა არ იყო, მაგრამ ხალხი ერთსულოვანი იყო, ბრძოლაში სახელს ითქვამდნენ და ამით სარჩო-საბადებელსაც შოულობდნენ. ყველაზე მეტად კი აწუხებს, რომ თავისუფლების დაკარგვამ ტრადიციებისა და ერთობის დაკარგვაც გამოიწვია.

ავტორის თანამედროვე დრო სრულიად განსხვავდებოდა ძველი დროისგან. ლელთ ღუნია ფიქრობდა, რომ  “ერობა დაიშალის, მეძავ-მრუშობაი ჩამოვარდნის, ხარბობაი, ანგარი გვერივნის, ერთ-სულობაი დავარდნის, მტრობა-ბძარვაი გახშირდის”. მტერი და მოყვარე რთული გასარჩევი გახდა. მაწიოკებლის წინააღმდეგ კი იარაღსაც ვეღარ იყენებდნენ. მათ სახლებს ახლა ვაჭრები იკლებდნენ. “მთის კაცი მახევე სვამეხის კერძია”. მათგან თავდასაცავად კი აღარც ხმალი ჭრიდა და აღარც სიტყვა. ყველა ცალ-ცალკე იბრძოდა საკუთარი ბედნიერებისთვის, საერთო საქმე კი არ კეთდებოდა. დამოუკიდებლობადაკარგული ერი მისი აღდგენისთვის აღარ იბრძოდა. უხმარ სატევარს კი ჟანგი ედება, “უსრბოლო წყალჩი ბაყაყნი, ჭია-ჭუაი, ქვემძრომი გამრავლდის”. ქართველების უმოქმედობამ მათ შორის შურსა და ბოროტების გაღვივება გამოიწვია. ამ ყველაფრის მამხილებელია “მგზავრის წერილები” და, ზოგადად, ილია ჭავჭავაძის შემოქმედება.

Leave a comment